საიტი ეძღვნება 1989-2008 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას!
საიტი შეიქმნა 2009 წელს და ერქვა კამანის გმირები, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია (კამანი სოხუმის რაიონია) კამანში არსებულ სიწმინდეებზე, იქ მიმდინარე ბრძოლებზე და დაღუპულ გმირებზე. (ეს ყველაფერი ახლა განთავსებულია ცალკე გვერდზე, „კამანის შესახებ“) შემდეგ გადავწყვიტე გამეფართოებინა საიტი და მიმეცა საშუალება ყველა მსურველისათვის განათავსონ მასალები თავიანთი ახლობლების, ნათესავების თუ მეგობრების შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში.
მართალია ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებულ სიტუაციაში დაიღუპა, ზოგიერთმა იქნებ ტყვიის გასროლაც ვერ მოასწრო მტრის მიმართულებით და მოწინააღმდეგის ტყვიის მსხვერპლი გახდა. ბევრი ისეთიც ვიცით, რომ შეგნებულად და მიზანმიმართულად შესწირა თავი, იცოდა რომ მისი ბოლო დღე და წამი ახლოვდებოდა, მაგრამ მაინც უკან არ დაიხია და მტრის ტყვიას მკერდით შეხვდა. მიუხედავად იმისა, თუ რა სიტუაციაში დაიღუპნენ ისინი, ყველა მათგანი საქართველოს შვილია და საქართველოსთვის იბრძოდნენ. ყველა მათგანი სამშობლოს იცავდა და მისი სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან. ესენი საქართველოს გმირები არიან და არ დაუკარგოთ ამაგი, არ დაუკარგოთ სახელი. განა ის საკმარისი არ არის, რომ მათი უმეტესობის სასაფლაოები დავკარგეთ. განა აფხაზეთში დასაფლავებული ბიჭების სასაფლაოზე დღეს მის ჭირისუფალს აქვს საშუალება, მოინახულოს, მოუაროს და მოეფეროს შვილის, მამის, ძმის ან მეუღლის საფლავს?! ბევრ მათგანს მიწაც კი არ ეღირსა, ისე დაიწვა და დაიფერფლა მათი გვამები. იცოდნენ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა, იცოდნენ მომავალმა თაობებმა, თუ რა მებრძოლი წინაპრები ჰყავდათ. ყველა ქართველი გულის სიღრმეში მებრძოლია და ეს მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როცა მის ღირსებას საფრთხე ემუქრება. დღეს შეიძლება სახელმწიფო სათანადოდ ვერ აფასებს ღირსეულად მის გმირებს, ვერ ეხმარება მათ ოჯახებს. მოვა დრო, გაძლიერდება და ფეხზე დადგება საქართველო, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება. არ უნდა ვაფიქრებინოთ მათ შვილებს, რომ მათი მამების გმირობა არ დაფასებულა. თუ არ დავაფასეთ, ამით მათ სამშობლოს სიყვარულს წაუხდენთ და მებრძოლ სულს ჩაუკლავთ. მართალია ამ ომებში ჩვენ გამარჯვება ვერ ვპოვეთ, მაგრამ ის ვაჟკაცები გამარჯვებულად წავიდნენ, მათ ჯეროდათ და სწამდათ, რისთვისაც იბრძოდნენ, მათ დამარცხება არ უნახიათ ისე შეეწირნენ საქართველოს სიყვარულს. გვახსოვდეს ყოველთვის ის ადამიანები, ის ვაჟკაცები, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით არ არიან.
იმ გმირების ვაჟკაცობას, ჩვენს სიცოცხლეს რომ შესწირეს,
მათ სახელის დავიწყებას, ღმერთო ნურვის გვაპატიებ!
მარადიული ხსოვნა მათ სულებს და მარადიული დიდება მათ სახელებს. ამინ!
საიტი დაყოფილია კატეგორიების მიხედვით: 9 აპრილი, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ქვეკატეგორიებით. ცალკე გვერდზე კი ფორუმი, სადაც გეძლევათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ფორუმში. ერთი მოუხერხებლობა ის არის, რომ ფორუმზე თქვენ ცალკე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ, თუ კი აპირებთ რაიმე სიახლის დამატებას. საიტზე მასალების განთავსებისათვის, თქვენ უნდა გაეცნოთ დამატების წესებს. |